2019 წლის 3 მაისს, კომპანია „ივენთს ლუქსმა“ ქართული კულტურის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი პირველი საქველმოქმედო საღამო და გალავახშამი გამართა პარიზში, მდინარე სენაზე, გემზე „Le Diamant Bleu“.

ღონისძიების წარმდგენი გახლდათ ანანო გელოვანის ხელნაკეთი ქსოვილების სალონი – „Anano’s Handmade”.

საღამოზე მაქსიმალურად იყო წარმოჩენილი საქართველო, როგორც დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი ქვეყანა და ტურისტულად საინტერესო ლოკაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს და დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლები, სტუმრები საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე იყო. მონაწილეობდნენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, გერმანული ვოისის გამარჯვებული ნათია თოდუა, მიშა სულუხია, აჩიკო ბერიძე, პაატა ანდრიაძის ბენდი, ზურა მახნიაშვილი და მსახიობი დუტა სხირტლაძე.

კონცერტი მიმდინარეობდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული საქართველოს გაცნობითი ხასიათის ფილმის ჩვენების ფონზე. ახალგაზრდა დიზაინერმა ანანო გელოვანმა ხელნაკეთი ქსოვილებით შექმნილი სამოსი წარმოადგინა, იუველირ-დიზაინერმა მარინა ნაცვლიშვილმა კი თავისი ექსკლუზიური სამკაულების ულამაზესი კოლექცია გამოფინა. კულტურული პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი მსოფლიოში ცნობილი მხატვრის ჰენრი მაჭავარიანი ფოტოგამოფენა გახლდათ.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო ფრანგული ბრენდი Gault et Millau – „მსოფლიო კულინარიული გიდი გო’ე’მიო“, კომპანია რომელიც მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი და 2017 წლიდან საქართველოშიც. გო’ე’მიომ თავის სამშობლოში ქართული ვახშმით უმასპინძლა სტუმრებს. ტიტულოვანმა ქართველმა შეფმზარეულებმა გურამ ბაღდოშვილმა, ნიკოლოზ მეტრეველმა, ილია ბენაშვილმა, რესტორან ბიოლის შეფკონდიტერმა ხათო ბაკურაძემ და რესტორან შუხმანის შეფმზარეულმა ლაშა კენჭაძემ ექსკლუზიურად ამ ვახშმისათვის ქართულ გემოებზე შექმნილ კერძები წარმოადგინეს. სუფრას ამშენებდა პრემიუმკლასის ქართული ღვინო და ნუგბრი.

საღამო კომპანია „ივენთს ლუქსისა“ და საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინის“ ორგანიზებით განხორციელდა. ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დაეხმაროს მომავლის შექმნაში, სწავლასა და პროფესიის შეძენაში. ოჯახის სითბოს მოკლებულებს გაუიოლოს საზოგადოებაში ადაპტაცია, რათა თავი იგრძნონ ამ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას.

სტატიები და ვიდეოები

  1. 1TV
  2. Nostal.ge
  3. Marshalpress.ge
  4. Youtube